აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Twitter-ს, Facebook-ს, Google-სა და მათ ხელმძღვანელებს სასამართლოში უჩივის. დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ კომპანიები კონსერვატიულ იდეებს უკანონოდ ახშობენ.
მაიამის რაიონულ სასამართლოში შეტანილ სარჩელში აღნიშნულია, რომ სოციალური ქსელების გიგანტებმა სიტყვის თავისუფლების უფლება დაარღვიეს, რომელიც აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორებითაა გარანტირებული.
ყოფილი პრეზიდენტი კოლექტიური სარჩელის სტატუსის მოპოვებას ცდილობს, რაც ნიშნავს, რომ ის Twitter-ის, Facebook-ისა და Google YouTube-ის სხვა მომხმარებლების ინტერესების წარმომადგენელი იქნება, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პლატფორმებმა მათ გაჩუმება აიძულეს.
ტრამპმა სამი ანალოგიური სარჩელი შეიტანა — პირველი Facebook-სა და მისი ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის წინააღმდეგ, მეორე Twitter-ისა და მისი გენერალური დირექტორის ჯეკ დორსის წინააღმდეგ, ხოლო მესამე Google-სა და მის გენერალურ დირექტორს, სუნდარ პიჩაის ეხება.
“ჩვენ ამერიკული თავისუფლებისთვისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ისტორიულ გამარჯვებას მივაღწევთ”, — განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.
სოციალური ქსელების წარმომადგენლებს სარჩელთან დაკავშირებით, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.