“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ”- საელჩოების გამოხმაურება

“ტვ პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახსა და კოლეგებს უსამძიმრებენ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები. საქართველოში შვედეთის საელჩო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ლაშქარავას ოჯახის, მისი მეგობრებისა და კოლეგების მიმართ.

„შვედეთი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელის განცხადებას. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის, მისი მეგობრებისა და კოლეგების მიმართ. შვედეთი გმობს ყველა სახის ძალადობას. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია“, – შვედეთის საელჩო საქართველოში.

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამის განცხადებით კი, შოკირებულია მედიის წარმომადგენლის გარდაცვალებით, რომელიც პრაიდის დაგეგმილი ღონისძიების დროს თავდასხმის ობიექტი გახდა.

„ჩემი სრული მხარდაჭერა კარლ ჰარცელის განცხადებას. შოკირებული ვარ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით, რომელიც პრაიდის დაგეგმილი ღონისძიების დროს თავდასხმის ობიექტი გახდა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას, მათ შორის ჟურნალსიტებია და ჰომოფობიით ინსპირერებულ ძალადობას.“-წერს ელჩი “ტვიტერზე”.

მომხდარს ეხმაურება “ტვიტერზე”საქართველოში გაეროს ოფისიც:

„ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ 11 ივლისს გარდაცვლილ „ტვ პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს. მედიათავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში დაცული უნდა იყოს“, – წერია საქართველოში გაერო-ს ოფისის გვერდზე.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.