მედიაზე ძალადობის მუქარა წალკაში- დაკავებულს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჟურნალისტისთვის ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გ.ა-ს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა-მ 2021 წლის 30 ივნისს, ტელეკომპანია „TV პირველის“ რეპორტიორსა და ოპერატორს ძალადობის მუქარით უკანონოდ შეუშალა ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

,,სამართალდამცავებმა გ.ა. 2021 წლის 30 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძალადობის მუქარით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.