3-დღიანი ძებნის შემდეგ, კინტრიშის ნაკრძალში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

კინტრიშის ნაკრძალში დაკარგული ორი ახალგაზრდა იპოვეს. მაშველები ტურისტებს სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მათგანი დაშავებულია და ფეხის არეში დაზიანებები აქვს მიღებული.

“ერთ-ერთ მათგანს მიღებული ჰქონდა ქვედა კიდურის დაზიანება, რის გამოც მაშველების მისვლამდე, დაკარგულებს მოუწიათ მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 70 თანამშრომლის მიერ ჩატარებული უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, ხინოს ხეობაში მოხერხდა გაუჩინარებული ორი მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა. ორივე მათგანი ნაპოვნია უვნებლად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალგაზრდების ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, კინტრიშის ნაკრძალში დაკარგულ ახალგაზრდებს სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შეტყობინება ახალგაზრდების დაკარგვის შესახებ 112-ში 14 ივლისს შევიდა. ახალგაზრდებმა პოლიციას საკუთარი ადგილსამყოფელი გადასცეს და უთხრეს, რომ გზას ვეღარ იკვლევდნენ.