7 პირის Facebook გატეხეს და 14 მოქალაქის 10 500 ლარს დაეუფლნენ- დაკავებულია ხუთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის გამო თბილისში, გორსა და წალენჯიხაში 5 პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის ფეისბუქ-გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე 14 მეგობარს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხვინეს.

ბრალდებულები თაღლითური გზით საერთო ჯამში დაეუფლნენ 14 მოქალაქის კუთვნილ 10 500 ლარს. სხვა დაზარალებულებისა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები”, – წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.