CNN: ინდოეთში ათასობით ადამიანი ვაქცინის ნაცვლად, მარილიანი წყლით აცრეს

ინდოეთში ათასობით ადამიანი ფართომასშტაბიანი თაღლითობის მსხვერპლი გახდა. ყალბი ვაქცინების დამზადების ფაქტზე ექიმები და ჯანდაცვის პროფესიონალები არიან დაკავებულები. ყალბი ინექცია დაახლოებით, 2 500-მა ადამიანმა მიიღო. გამოძიების ინფორმაციით, თაღლითები ადამიანებს ვაქცინის ნაცვლად მარილიან წყალს უკეთებდნენ.

ამ დროისთვის 14 ადამიანია დაკავებული თაღლითობის, მკვლელობის მცდელობის, დანაშაულებრივი შეთქმულებისა და სხვა ბრალდებების საფუძველზე. შესაძლოა დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან პოლიცია თაღლითობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიებას აგრძელებს.

ივნისში პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ვაქცინაციის ცენტრალიზებული კამპანია დააანონსა, რომლის ფარგლებშიც დოზების მნიშვნელოვან ნაწილს ცენტრალური მთავრობა უფასოდ გადასცემს რეგიონებს.

ამის შემდეგ ქვეყანამ რეკორდულად სწრაფი ტემპით ჩაატარა ვაქცინაციის კამპანია – დღეში 8 მილიონი ინექცია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 62 მილიონზე მეტი ადამიანი – ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 4,5% სრულადაა აცრილი. CNN-ის ინფორმაციით, ყალბი ვაქცინაციის კამპანიები სწორედ მაისის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე ტარდებოდა.