დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდი მაჩვენებელი საყურადღებოა.
რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკას, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ კუთხით კლების დინამიკაა.
„ძალიან საყურადღებოა დინამიკა, რაც ბოლო ერთ კვირაზე მეტია ქვეყანაშია. ზრდის დინამიკაა როგორც ბოლო შვიდი დღის, ისე 14 დღის დადებითობის მაჩვენებელში. ერთადერთი, კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი იკლებს. ეს ყველაზე მძიმე ინდიკატორი ასე ვთქვათ, ქვემოთ მოდის, რაც კარგია. ამიტომაც არის საჭირო აცრები.
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში აცრები დავიწყეთ, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 1 668 ადამიანია გარდაცვლილი. აქედან 1 664 პირი ვაქცინირებული არ იყო. მალე, ალბათ ათ დღეში გამოვაქვეყნებთ ანალიზს, რამდენი იყო ინფიცირება ერთჯერადი აცრის შემდეგ – ეს მაჩვენებელი დაახლოებით 0.8 პროცენტის ფარგლებშია და რამდენი იყო ინფიცირება ორჯერადად აცრის შემდეგ – დაახლოებით 0.3 პროცენტის ფარგლებშია. სხვადასხვა ვაქცინაზე მაჩვენებელი სხვადასხვაა და ამის შესახებ დეტალები გამოქვეყნდება. მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში ჩვენ კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია, ყოველ შემთხვევაში მე ეს ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.