“არ გავაშუქებთ არაფერს ლექსოს სიკვდილის გარდა”- ჟურნალისტების სიტყვით გამოსვლა რუსთაველზე

რუსთაველზე, მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტები სიტყვით გამოვიდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან მედიის წარმომადგენლები “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალებას აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა გადადგეს.

“რამდენიმე დღის წინ, ტვ პირველში შემოვარდნას რომ აპირებდნენ, ლექსო საავადმყოფოდან გამოიპარა ხალათით, ხალათით მოვიდა და იქ მითხრა: ეს საქმე ხომ უნდა მივიდეს ბოლომდეო? არ მაქვს ამ ქვეყანაში გამოძიების იმედი და ხომ წავიღებთ სტრასბურგშიო? მე ახლა მინდა, მკვდარ მივცე პირობა – ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს, არ გავაშუქებთ არაფერს ლექსოს სიკვდილის გარდა. ჩვენ მივიყვანთ, ლექსო, ამას ბოლომდე.”-განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

“მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს – თქვენ არ გაქვთ ბევრი დრო. ვიცი, რომ ადრე იძინებთ, მაგრამ იღვიძებთ ადრე და მაქსიმუმ ხვალ დილამდე თქვენი ე.წ. მარიონეტი პრემიერმინისტრი უნდა გადადგეს და უნდა მიყვეს მთელი მთავრობა. გადადგომა არ არის საკმარისი, ჩემს უკან არის ბანერი, რომელსაც აწერია “გადადგეს და დაისაჯოს ირაკლი ღარიბაშვილი” და საქართველოს მთავრობა, რომელმაც დედაქალაქის ცენტრში მოგვიწყო რუსული სპეცოპერაცია და შეიწირა ჩვენი კოლეგა და ეს იყო მკვლელობა. რუსეთიდან დაფინანსებული ძალები საპატრიარქოს ორგანიზებული ძალები, რომლებიც შეთამაშებული არიან საქართველოს ხელისუფლებასთან, უნდა დაისაჯონ.

ჩვენ არ ვართ მხოლოდ 53, რომელსაც თქვენ ფიზიკურად გაუსწორდით, ჩვენ მთელი საქართველო ვართ. თქვენ შეიძლება დღეს მოკალით ჩვენი კოლეგა, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, არ გვეშინია თქვენი. ყოველთვის იყო მოწოდება “ნუ მომკლავ”, მაგრამ ახლა არის მოწოდება “ვერ მომკლავ” იმიტომ, რომ ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ მთავრობას, რომელიც აუცილებლად უნდა გადადგეს და პასუხი აგოს ჩვენი კოლეგის მკვლელობაზე.

ჟურნალისტები ყოველთვის მოვდიოდით ამ მოედანზე იმისთვის, რომ გაგვეშუქებინა აქციები, საქართველოს ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ჩვენ ვატარებთ საპროტესტო აქციას და ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ პასუხს არ აგებენ მკვლელობისთვის.”-განაცხადა ვახო სანაიამ.

“თითქმის არ ყოფილა დღე, როდესაც მე ისე ვიამაყებდი ჩემი პროფესიით, როგორც დღეს. თითქმის არ მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ქართული დემოკრატია და მთლიანად საქართველო ისე ახლოს ყოფილიყოს უფსკრულში გადაჩეხვისგან და ძველ საბჭოურ ქვესკნელში, უკანალში უკან შეტრიალებისგან, როგორც დღეს, მაგრამ ისე არასდროს ვყოფილვარ დარწმუნებული, რომ ეს არასდროს მოხდება, როგორც დღეს…

მინდა მივმართო არა ბიძინა ივანიშვილს, არა პრემიერ ღარიბაშვილს, რომელიც დღეიდან ალბათ, არა თუ პრემიერად, საერთოდ ბატონობითაც არ უნდა იწოდებოდეს, მარტო დღეიდან არა, ბოლო დღეებში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით – მინდა მივმართო ქართული ოცნების იმ წარმომადგენლებს, რომელთაც საქართველო თუნდაც ოდნავ მაინც ეევროპელებათ და ექართველებათ, მინდა მივმართო თბილისის მოქმედ მერს, კახა კალაძეს, რომელსაც ხვალ თავისი მორიგი მერობის კამპანიის პრეზენტირება უნდა მოეწყო, მინდა მივმართო კახა კუჭავას – პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც თავისი ინსტაგრამით გვატყობინებდა ამაყად, რომ აქ ჩამოხეული, დაფხრეწილი და დამწვარი ევროკავშირის დროშის ხელმეორედ აღმმართველი იყო – და ეს დიდი მიღწევაა, თურმე ქართული დემოკრატიის და ქართული ოცნების. სანამ დროა, მიიღონ გადაწყვეტილებები. ეს მოთხოვნები, რომელიც დღეს ჟღერს, არის შანსი მათთვისაც ქართულ ოცნებაში, რომ მოიშორონ, გადააყენონ ან თავად განთავისუფლდნენ იმ იარლიყისგან, რასაც დღეს უკვე სისხლიანი ქართული ოცნების მმართველობა ჰქვია. სისხლიანი ქართული ოცნება აღარ გაიმარჯვებს, ქართული მედია ამას არ დაუშვებს”-განაცხადა გიორგი თარგამაძემ.