ვაქცინაცია და გაუმართავი პლატფორმა- თამარ გაბუნიას განმარტება

ხვალ საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის დაწყება დაანონსდა, თუმცა ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის ვებ პორტალი ისევ ხარვეზით მუშაობს – “სინოფარმზე” დასარეგისტრირებლად ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე შესული მოქალაქეები ჯავშანის გარეშე რჩებიან.

ოფიციალური მიზეზი კიბერთავდასხმაა, რომელიც ვაქცინაზე რეგისტრაციის პლატფორმაზე გუშინ მოხდა. თითქმის 20 საათიანი გათიშვის შემდეგ, რეგისტრაციის გვერდი დღეს ჩაირთო, თუმცა მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას მაინც ვერ ახერხებენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე,  თამარ გაბუნია ამბობს, ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობა მიმდინარეობს.

გაბუნიას განცხადებით, რეგისტრაციის პორტალი არ იქნება ვაქცინაციის ერთადერთი საშუალება და უახლოეს დღეებში 150 დაწესებულება გაიხსნება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში. მოქალაქეებს რიგის დაჯავშნა ქოლ-ცენტრში დარეკვითაც შეეძლებათ.

“150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის თავიანთ ქოლ-ცენტრს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი “- ამბობს გაბუნია.