გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, რაფი ორუჯოვი და სახელმწიფო მინისტრის ყოფილი წარმომადგენელი ქვემო ქართლში, აიაზ მამედოვი “ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდნენ, – ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ორივე საჯარო მოხელემ პარტია “ქართული ოცნება” დატოვა და ოპოზიციურ პარტიას შეუერთდა. რაფი ორუჯოვნა გარდაბნის წარმომადგენლობით ორგანოში თანამდებობა და პარტია “ქართული ოცნება” 14 ივლისს დატოვა.
“მე პარტია “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი სოფელ ყარათაკლიიდან არჩეული და ამავე დროს ვიყავი გარდაბნის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. აღნიშნული თანამდებობა 14 ივლისს დავტოვე”, – აცხადებს რაფი ორუჯოვი.
“14 წელია სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი და ვემსახურებოდი ჩვენს რეგიონს. ბოლო 4 წლის განმავლობაში ვმუშაობდი შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო აპარატში, ვიყავი სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობების საკითხებში. მე გადავწყვტე შევუერთდე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მთელი ძალით და დავამარცხო დღევანდელი რეჟიმი”, – განაცხადა აიაზ მამედოვმა.