სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას”შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაიცვას ღირსების მარშის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის გამართვას ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები საფრთხეს უქმნიან. ორგანიზაციის შეფასებით, კონტრაქციის ორგანიზატორთა საჯარო განცხადებები მუქარასა და ძალადობრივ მოწოდებებს შეიცავს, რაც მარშის მონაწილეთა უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამ დრომდე საჯაროდ არ გაცხადებულა მზაობა ღირსების მარშის მონაწილეთა უპირობო დაცვის შესახებ.
“საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. კანონის მიხედვით, აკრძალულია ძალადობის პროპაგანდა და მოწოდებები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. აღსანიშნავია, რომ კონტრაქციის ორგანიზატორთა განცხადებები მის ძალადობრივ მიზანზე მიუთითებს და საფრთხეს უქმნის მარშის მონაწილეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.”-ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები შსს-ს მოუწოდებენ:
- ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების მცდელობებზე;
- უპირობოდ დაიცვას ღირსების მარშის მონაწილეთა უფლებები და უსაფრთხოება.
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ წევრი ორგანიზაციები:
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
უფლებები საქართველო (Rights Georgia)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
თანასწორობის მოძრაობა