საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. სპეციალისტები პანდემიის დაძლევის ერთადერთ გზად ვაქცინაციას და შედეგად, მოსახლეობაში იმუნური ფენის შექმნას ასახელებენ. NDI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 42% ამბობს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებს,რომლებიც ვაქცინაციაზე მიმავალ ადამიანებს აწუხებთ:
ამბობენ, რომ კოვიდვაქცინა იწვევს უშვილობას რამდენად შეიძლება ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს?
- ეს არის სრული სიცრუე. ამასთან დაკავშირებით არანაირი სამეცნიერო კვლევა არ არსებობს. ვაქცინის შემოწმება სხვადასხვა კუთხით კეთდება და არსად, არც ერთ გვერდით ეფექტში არ წერია, რომ ვაქცინა ჰრაიმე კავშირშია რეპროდუქციასთან.
„ფაიზერით“ აცრა მართლა იწვევს თუ არა ქალებში მკერდის გაზრდას?
- ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა, რამდენიმე დღით სარძევე ჯირკვლები ზომაში გაიზარდოს, მაგრამ ეს არის დროებითი მოვლენაა და არც ამასთან დაკავშირებით არსებობს რაიმე სამეცნიერო დასკვნა.
აცრამდე და აცრის შემდეგ დალევა შეიძლება? თუ არ შეიძლება, რამდენი ხნით? თუ შეიძლება, როდიდან?
- ალკოჰოლის დალევა ნებისმიერ სამედიცინო პრეპარატთან უკუჩვენება აქვს. ასევეა ვაქცინის შემთხვევაშიც. არის საუბარი, რომ ალკოჰოლი ვაქცინის მოქმედებას ხელს უშლის. ეს ასე არაა, უბრალოდ ალკოჰოლის ფონზე შესაძლებელია, გარკვეული გვერდითი ეფექტები წარმოჩინდეს. რითიც ვერ მოხდება განსხვავება ის სასმელმა გამოიწვია, თუ ვაქცინამ. ამიტომ არის რეკომენდაცია, არ მივიღოთ ალკოგოლი. მე, როგორც ექიმი, ვაქცინირებულებს ვურჩევ, ალკოჰოლის მცირე დოზა მხოლოდ ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ მიიღონ. ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, სანამ ვაქცინის ორივე დოზას არ მიიღებენ რეკომენდებული არაა.
აცრამდე და აცრის შემდეგ გარუჯვა ზღვაზე ან სოლარიუმში შეიძლება?. თუ კი, როდიდან?
- ზედმეტი რუჯი ორგანიზმისთვის არაა რეკომენდებული. უმჯობესია ვაქცინაციიდან ერთი – ორი კვირის განმავლობაში ზედმეტ დასხივებას თავი აარიდონ.ასევე სასურველია, ვაქცინაციამდე რამდენიმე დღით ადრე მზის აბაზანები არ მიიღონ და სასურველია, სოლარიუმში მისვლისგანაც თავი შეიკავონ.
აცრამდე და აცრის შემდეგ ეპილაციის, ბოტოქსის, ფილერის გაკეთება შეიძლება? რა შეიძლება გამოიწვიოს?
- იყო საუბარი, რომ ვაქცინაციიდან დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში ბოტოქსისა და ფილერის გაკეთებისგან თავი შეიკავონ.ეპილაციისგან კი უმჯობესია, ვაქცინაციამდე 48 საათის განმავლობაში და ვაქცინაციიდან ორი დღის განმავლობაში თავი შეიკავონ, მერე კი სურვილისამებრ გაიკეთონ.სასურველია, იმ ადგილზე, სადაც ვაქცინაა გაკეთებული, ეპილაცია არ გაკეთდეს.
აცრის შემდეგ მაქვს გამონაყარი (ყელზე, ხელზე, ზურგზე, ა.შ.). აცრის ბრალია? რა ვქნა?
- აცრის გვერდითი ეფექტი გამონაყარი იშვიათად არის ხოლმე. თუ ეს გამონაყარი დიდხანს დარჩა, ან მოიმატა და ადამიანს დისკომფორტს უქმნის, ჯობია, ექიმს მიმართოს.
მეორე დოზით აცრა რომ გადავაცილო დადგენილ ვადას, ამით რამე დაშავდება?
- რამდენიმე დღე, ან ერთი კვირა პრობლემა არაა, მეორე დოზით გადაცილება, მაგრამ დიდი ხნით, რა თქმა უნდა, პრობლემა იქნება.
თუ აცრის მომენტში არ ვიცი, რომ ინფიცირებული ვარ, საშიშია? ვაქცინა იმოქმედებს მაინც? მეორე დოზას როდის გავიკეთებ? მაინც საჭიროა მეორე დოზა ასეთ დროს თუ შემიძლია არ ავიცრა, რადგან ბუნებრივი იმუნიტეტი მაქვს და ეს დამიცავს?
- ძალიან მნიშვნელოვანია,რომ სანამ აცრას გავიკეთებთ კარგად შევაფასოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ გვაქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი გარკვეული სიმპტომები, ჯერ გავიტესტოთ და ვაქცინა მერე გავიკეთოთ.აშშ-ში და ჩვენთანაც დაავადების გადატანიდან ერთ თვეში, არის საშუალება, რომ ვაქცინა ერთ თვეში გაიკეთოთ.ზოგ ქვეყანაში არის მიდგომა, რომ დაავადებას თუ გადაიტანს, ორი სამი თვის მერე ხდება ვაქცინის გაკეთება. ორივე მიდგომა ჩემი აზრით მისაღებია.
მაქვს ჭინჭრის ციების, კვინკეს, ანაფილაქსიის ისტორია. ასეთ დროს რომელი ვაქცინით აცრას გაუწევდით რეკომენდაციას? საჭიროა თუ არა წინასწარ ანალიზების ჩატარება? რა ანალიზი ჩავიტარო? დავლიო წინასწარ ანტიჰისტამინური საშუალება? თუ პირველ 30 წუთში არაფერი მომივიდა, შანსია რომ მერე მომივიდეს რამე?
- თუ გვაქვს ასეთი დატვირთული ანამნეზი, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ალერგოლოგის კონსულტაცია. თუ შესაძლებელია, დადგინდეს რა ნივთიერებაზე აქვს ასეთი რეაქცია და შემდეგ, უკვე რისკისა და ფაქტების გათვალისწინებით გადაწყდეს ვაქცინის გაკეთება.
დავლიო წინასწარ ანტიჰისტამინური საშუალება? თუ პირველ 30 წუთში არაფერი მომივიდა, შანსია რომ მერე მომივიდეს რამე?
- ანტიჰისტამირული საშუალებების თვითნებურად მიღებას მე არ ვემხრობი. ეს ალერგოლოგთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. მძიმე ალერგიული რეაქციები, ვაქცინაციიდან მხოლოდ ერთ საათში ვითარდება. თუ ამ შემთხვევაში არაფერი დაემართა ადამიანს, მას ამ შემთხვევაში შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული ტიპის რეაქცია, მაგრამ ეს არ იქნება სიცოცხლისთვის საშიში, რომელიც საჭიროებს აუცილებლად საავადმყოფოში ყოფნას.
ინფორმაცია “რაფიო ფორტუნას” სტატიაზე დაყრდნობით.









