რუსთავს ახალი ქალაქთმშენებლობითი გეგმა ექნება

რუსთავს ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ახალი დოკუმენტაცია ექნება – საკითხს საკრებულოს სხდომაზე ხანგრძლივი განხილვა მოჰყვა.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ახალი გენგეგმა წლების განმავლობაში დაგროვებულ პრობლემებს აღმოფხვრის.

სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა იკითხეს კონკრეტულად რა პრობლემებზე იყო საუბარი და რა კუთხით უნდა განხორციელებულიყო ცვლილებები. საპასუხოდ, ეკა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრობლემურ მონაკვეთებს შორისაა მე-18, მე-19 მიკრო რაიონები, ასევე ქალაქის შემოსასვლელი და ხიდის მიმდებარე ტერიტორიები. გამოწვევების მოსაგვარებლად კონკრეტული ხედვა მომავალში შემუშავდება.

ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად, დეპუტატებმა ახალი გენგეგმის შემუშავებას მხარი დაუჭირეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო “ნაციონალურმა მოძრაობამ”.

დღევანდელი სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს. დეპუტატების გადაწყვეტილებით, რუსთავის განვითარების, ტურიზმის და საერთაშორისო ურთიერთობების, სპორტისა და ფიზიკური კულტურის და ასევე, ვეტერანების საკითხთა შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფებს უფლებამოსილების ვადა 1 თვით გაუხანგრძლივდათ.