სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტო, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, პერიოდულად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვაქცინაზე მისულ პირს ექიმი გარკვეული მიზეზების გამო უარს ეუბნება აცრაზე და ზოგიერთ საეჭვო შემთხვევებში უარი პროტოკოლს არ შეესაბამება.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზი წერილობითი ფორმით უნდა მოითხოვოთ.
“სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვეთ წერილობითი ფორმით და აღნიშნული დოკუმენტი, თქვენივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გადმოგზავნეთ რეგულირების სააგენტოს მეილზე regagency@moh.gov.ge, განცხადების შემოტანა ასევე შეგიძლიათ ადგილზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში. განცხადების დაფიქსირების შემდეგ, რეგულირების სააგენტო შეისწავლის თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება და იყო თუ არა პაციენტის მდგომარეობა აცრის უკუჩვენება. შეგახსენებთ, არსებული პანდემიის პირობებიდან და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე ვაქცინაცია უალტერნატივოა და ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.