გიორგი გახარია – ჭორაობა, ძალადობა და ერთმანეთის ლანძღვა-გინება თუ არ დასრულდა, წინ ვერ წავალთ

ამდენი ჭორაობა, ძალადობა და ერთმანეთის ლანძღვა-გინება საბოლოო ჯამში თუ არ დასრულდა, წინ ვერ წავალთ, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა.

პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე რეგიონებში ვიზიტებს და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი გახარიამ დღეს პარტიის ახალი ოფისი წყალტუბოში გახსნა.

„ჩვენ ახლა პარტიასაც ვაყალიბებთ და არჩევნებშიც ვმონაწილეობთ. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ყველაფერი გავაკეთოთ სწრაფად და ხარისხიანად. მთავარი მიზანი დღეს არის, რომ ამ არჩევნებით შევძლოთ, ჯერ ადგილობრივი ხელისუფლება გავაძლიეროთ და შემდგომ უკვე დიდი არჩევნებით სახელმწიფოც გავაძლიეროთ, თორემ ეს ქაოსი, რაც ხდება, ამდენი ჭორაობა, ამდენი ძალადობა და ერთმანეთის ლანძღვა-გინება საბოლოო ჯამში თუ არ დასრულდა, უბრალოდ წინ ვერ წავალთ” – მიმართა მხარდამჭერებს გახარიამ.

პარტიის თავმჯდომარემ უშუალოდ წყალტუბოს განვითარების ხედვაზეც ისაუბრა.

„წყალტუბოსთვის ცალკე განვითარების გეგმა გვექნება. საცოდაობაა ახლა ეს რაც აქ ხდება, ასე უფუნქციოდ, უსაქმოდ და უსაგნოდ იყოს. აქ ძალიან დიდი შესაძლებლობებია – ტურისტული შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობა… უკვე გვაქვს დაწყებული წყალტუბოს ბიუჯეტი რა არის, რითი ივსება და როგორ იხარჯება. რამოდენიმე წერტილს ვიპოვით, როგორ უნდა გაიზარდოს წყალტუბოს ბიუჯეტი, ეს ფული, რომელიც წყალტუბოს ბიუჯეტის შემოსავალია, ხალხს როგორ უნდა მოხმარდეს, ამასაც გადავწყვეტთ. ეს უნდა იყოს კონკრეტული პროგრამა, რითიც ადგილობრივი ხელისუფლების, მოპოვების პრეტენზია ვისაც აქვს, ამ ხალხმა ეს ზეპირად უნდა იცოდნენ ყველაფერი… უკვე ლაპარაკის დრო აღარ არის, საქმეა საკეთებელი და მით უმეტეს აღარ არის დრო ერთმანეთის ლანძღვა-გინების. ახლა ხომ ხედავთ, ტელევიზორი სადაც არ უნდა ჩართო, სულ ერთმანეთის ლანძღვა, გინება, ქაოსი… არავის ახსოვს ადამიანი. ბოლო ერთი კვირის და თვის კი არა, 1 წლის განმავლობაში საერთოდ ადამიანი და დღევანდელი პრობლემები საერთოდ გაქრა ტელევიზიიდან და პოლიტიკიდან. ამიტომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი უნდა დავაბრუნოთ. არ იქნება ეს მარტივი, ამ ყველაფერს ბევრი შრომა დასჭირდება, მაგრამ ამას ჩვენს გარდა მაინც არავინ გააკეთებს.

ხვალ და ზეგ, რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანიაში უნდა შევიდეთ, მაგრამ რამდენიმე ძირითადი პრინციპია, რომელსაც უნდა მივყვეთ. პირველი – რა თქმა უნდა, ღირსება არ უნდა დაგვავიწყდეს. ახლა რაც ხდება, იმისთვის რომ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ საკრებულოში ადგილები და მერი გაიყვანოს, საერთოდ დავიწყებულია სინდისი, ღირსება – საერთოდ ყველაფერი. მეორე – კეთილსინდისიერი ხალხი, მხოლოდ და მხოლოდ კეთილსინდისიერი ხალხი. და მესამე – პროფესიონალიზმი. არც კეთილსინდისიერება არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანი პროფესიონალი არაა და არც მისი პროფესიონალიზმი არ გვჭირდება, თუ კეთილსინდისიერებასთან პრობლემები აქვს. მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უღირსობა არის ყველაზე მძიმე დანაშაული.

ჩვენც ხომ ოცნებაში ვიყავით – არ შეიძლება ახლა ჩვენი გუშინდელი დღე ვლანძღოთ, ზოგიერთები როგორც აკეთებენ, ეგრე უნამუსოდ. რა თქმა უნდა, ეს რიგითი მოქალაქისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება. იქ კარგი რაც იყო, იმის ნაწილიც ვიყავით ჩვენ და იქ რაც ცუდი და შეცდომაც იყო, მაგის ნაწილიც ვიყავით – ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა გვესმოდეს, რომ ახლა თუ აქ ვდგავართ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის შეცდომები, მაშინ რაც იყო დაშვებული გამოვასწოროთ. ჩვენ ახლა თუ ესე ვლანძღეთ ერთმანეთი, ამ ბავშვებს რა უნდა ვასწავლოთ, რა მაგალითი უნდა მივცეთ. ამიტომ, ღირსებაზე მაღლა არაფერი არ დგას.

კიდევ ერთი პრინციპი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც ჩვენთან ერთად იქნებით და ხალხთან მოგიწევთ ურთიერთობა – ადამიანები არ მოატყუოთ! ჯობია უთხრა მწარე სიმართლე და არ დაპირდე ის, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებ. ერთი კი არა, ასი ხმის გულისთვის ნათქვამი ერთი ტყუილი ზუსტად ერთ წელიწადში შემოგიბრუნდება უკან და ამიტომ ესეთი რაღაცეები არ არის გასაკეთებელი. ეს მიუღებელია უბრალოდ”, – განაცხადა გახარიამ.