დავით შერაზადიშვილი: ძლიერი თვითმმართველობა, ნიშნავს ძლიერ საქართველოს!

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“, გუნდის ლიდერებს , რომლებმაც უდდესი ნდობა გამომიცხადეს  და კიდევ ერთხელ დამასახელეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. უღრმესი მადლობა ჩემს  ამომრჩეველს მხარდაჭერისა და  გვერდში დგომისთვის,-ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მერობის კანდიდატად წარდგენის ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა.

დავით შერაზადიშვილის განცხადებით, მისთვის ცნობილია მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და იცის, თუ რა შესაძლებლობები არსებობს პრობლემების გამოსასწორებლად.

“თანამოქალაქენო, მეგობრებო , ყველა მიცნობთ და იცით, რაოდენ დიდი ადგილი უკავია ჩემში  ამ ქალაქისადმი  სიყვარულს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან  ბოლნისი ჩემთვის ის ადგილია, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მიყვარს და მახარებს ყველა ის სასიკეთო საქმე რაც თქვენთან ერთად განვახორციელეთ  ჩვენივე ქალაქისა და  თანამოქალაქეების  უკეთესი მომავლისთვის. მიყვარს ბოლნისი როგორც ჩემი სამშობლოს განუყოფელი და ღირსეული ნაწილი,  ერთიანი, მთლიანი და განუმეორებელი. დიახ განუმეორებელი, რადგან აქ მთელი ჩემი სამშობლოა თავმოყრილი, ის არამარტო მრავალეთნიკურია , არამედ საქართველოს ყველა კუთხის შვილებითაა დასახლებული. დიახ ბოლნისი ურთიერთობების ქალაქია, ერთად შეკრული ოჯახია, აქ ერთი სიხარული გვიხარია და ერთი სატკივარი გვტკივა, სწორედ ამ ერთიანობაშია ჩვენი სიძლიერე.

ეს განაპირობებს  იმ უზომო სიყვარულს,  რაც მე გამაჩნია ჩემი კუთხის მიმართ. კარგად მაქვს  გაცნობიერებული  და გააზრებული, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, იყო ამ გამორჩეული კუთხისა და  ხალხის მიერ მეორე ვადით არჩეული მერი,  ჩემთვის ცნობილია არსებული პრობლემები, ისიც ვიცი თუ რა შესაძლებლობები გვაქვს ამ პრობლემების გამოსასწორებლად,  მეიმედებით და დარწმუნებული ვარ თქვენი გვერდში დგომით,  ჩვენ ერთად შევძლებთ განვაგრძოთ და ბოლომდე მივიყვანოთ მუნიციპალიტეტში დაწყებული აღმშენებლობის პროცესი.

ჩვენ  ერთად შევქმნით ისეთ ბოლნისს, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას,  სადაც გაიზრდებიან განათლებული  მომავალი თაობები. ჩვენ ვქმნით ძლიერ თვითმმართველობას, ძლიერი თვითმმართველობა, ნიშნავს ძლიერ საქართველოს!  ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია საქართველოს რეგიონების, ქვეყნისა და თითოეული ოჯახის გაძლიერება. ჩემს უკან დგას ძლიერი და ერთიანი გუნდი, ცენტრალური ხელისუფლება, რომლის თანადგომის იმედი ყოველთვის გვექნება და მჯერა, ერთად დგომით ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით.

მინდა მოგიწოდოთ მხარდაჭერისკენ, ერთსულოვნებისა და ერთიანობისკენ, რადგანაც როგორი განსხვავებებიც არ უნდა იყოს ჩვენს შორის, ეს ქვეყანა ჩვენი წასაყვანია იმ გზაზე, რასაც ერთიან ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა, ქვეყნის გაერთიანება და მუდმივი წინსვლა ჰქვია.”-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.