მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ, რომ პროტოკოლში განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც ვაქცინის მესამე დოზით აიცრება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ცვლილება მსოფლიოს პროტოკოლებში უკვე შევიდა.
„მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილება მიღებულია გარკვეულ ჯგუფზე, რომ გაიწეროს პროტოკოლში, ვისაც მესამე დოზა ექნება განსაზღვრული. ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება. რაც შეეხება მასიურად მესამე დოზების გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს“,- განაცხადა მინისტრმა.
ამასთანავე, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაციაზე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„კლინიკურ და ვაქცინაციის საბჭოს ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს დაველოდებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ტიკარაძემ.