შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ნარკორეალიზატორები დააკავეს.
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და ჯგუფურად ჩადენილი გასაღების მცდელობის ბრალდებით 20 პირი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციის მიერ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე, უკანონო რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ და ასაღებდნენ.
სამართალდამცველებმა, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: 1 ლიტრი და 952 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი სითხე, 50 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი ფხვნილი, 15 გრამამდე „მდმა“-ს შემცველი ნივთიერება და 200 გრამამდე „კოკაინის“ შემცველი ნივთიერება.
ქვემო ქართლის პოლიციამ, ბრალდებული ჯ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. აჭარის პოლიციამ კი, ბრალდებული ბ.მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 50 აბი.
იმერეთის პოლიციის მიერ ერთ-ერთი დაკავებულის – რ.კ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი, „STALKER 2918-UK“-ის მოდელის პისტოლეტი.
ნარკოდანაშაულების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.