თვითმმართველობის არჩევნებში ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში ღირსეული გამარჯვება გვჭირდება იმიტომ, რომ შემდგომი სამი წელი ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი განვითარება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დმანისში „ქართული ოცნების“ დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა თუ არ იქნება, არ იქნება არავითარი განვითარება.
„ ჩვენ განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში. მოდი ვთქვათ, მეგობრებო, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინ შეძლო ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა? ეს არის ერთადერთი ის იშვიათი გამონაკლისი, 8 წლიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი. მე ომზე ამ დღეების განმავლობაში აქტიურად ვლაპარაკობ, რადგან ეს არის ჩვენი ტრაგედია. 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავიტანეთ უზარმაზარი დანაკარგი და ტრაგედია, დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები დროებით, მაგრამ ამან განაპირობა ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის 20%-ის, ათასობით ადამიანი დევნილობაში წამოვიდა და ძალიან გამოუსწორებელი შედეგი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და მოსახლეობამ. ხალხმა მიიღო, რაც მთავარია. მე ყოველთვის მითქვამს, რომ მოდიან პოლიტიკოსები ხელისუფლებაში, ვიწრო ელიტური ჯგუფი მოდის ხელისუფლებაში, ტოვებს ძალიან დიდ პრობლემებს და შემდეგ თაობებს უწევთ ამ პრობლემების გადაჭრა, ამაზე ზრუნვა და მუშაობა.”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.