რუსთავიდან თბილისში, ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს. აღნიშნულ მარშრუტზე დილიდან რამდენიმე ერთეული მიკროავტობუსი მუშაობს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანია “ინტერტრანსში” განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები მგზავრებს, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მოემსახურებიან.
ინფორმაციისთვის, რუსთავიდან თბილისში, ვარკეთილის მიმართულებით მგზავრების გადაყვანას კომპანია “ინტერტრანსი” 4 დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა, რადგან 6 აგვისტოს მძღოლების ნაწილი გაიფიცა. მათი მოთხოვნა ყოველდღიური შესატანის 20 ლარით შემცირება იყო. კომპანიასა და მძღოლებს შორის მოლაპარაკებები დღეს დასრულდა და შესაბამისად, მიკროავტობუსების მძღოლებმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს.