კოვიდპაციენტებისათვის თავისუფალი ადგილები არ არის რუსთავის კოვიდკლინიკებში, – ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს ქალაქში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დაუდასტურეს.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცენტრალურ საავადმყოფოში საწოლფონდი სრულად დატვირთულია.
მისი განცხადებით, საავადმყოფოს კოვიდპაციენტებისთვის სულ 90 ადგილი აქვს და დღეის მდგომარეობით ყველა მათგანი დაკავებულია. მათ შორის სრულად დატვირთულია რეანიმაციაში არსებული 10, ხოლო თერაპიულ განყოფილებაში არსებული 80 საწოლი.
თავისუფალი ადგილები აღარ არის კლინიკა “რუსთავშიც”. TV4-ის ინფორმაციით, კოვიდკლინიკის თერაპიულ განყოფილებაში არსებული 65 საწოლი და რეანიმაციულ განყოფილებაში არსებული 23 ადგილი ამ დროისთვის სრულად დაკავებულია.
ინფორმაციისთვის, კლინიკა “რუსთავში” გუშინ ორი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ. გარდაცვლილი პაციენტები 65 წლის ქალი და 72 წლის მამაკაცი იყვნენ.