რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის ბინები აშენდება

2021-2024 წლებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში – ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ჯამში, 8 000-მდე ბინა აშენდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 709 800 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა მასშტაბური, ოთხწლიანი განსახლების გეგმის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. პრეზენტაცია ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა წარადგინეს.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები, ეტაპობრივად, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში გადაეცემათ.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, არა მხოლოდ 80-მდე ნგრევადი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ობიექტი დაიხურება, არამედ ის შენობებიც, სადაც არასათანადო საცხოვრებელი პირობებია და დევნილებს არ სურთ მათი პრივატიზება. განსახლების გეგმა, ასევე ითვალისწინებს კერძო სექტორში მცხოვრები დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომლებიც წლების განმავლობაში ქირით ან ნათესავებთან ცხოვრობენ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა ოთხწლიანი განსახლების პერიოდის დასრულების შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, ჯამში, 13 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა, საიდანაც 8 000-მდე სწორედ სამშენებლო კომპანიების მიერ აშენებული ბინა იქნება, დამატებით, იგეგმება 5 000-მდე სოფლად სახლის შესყიდვაც.