საველე ჰოსპიტალში ამ დროისათვის 9 პაციენტია მოთავსებული

გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტალის ოპერირება დაგვეწყო, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, გუშინ ცხრა პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში.

„პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და ჰოსპიტალი დღეიდან უკვე სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას. საუბარია დიღომის ჰოსპიტალზე. საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის, ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ ორ სამ დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება და შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში, რაც იქნება მისი მართვისთვის საჭირო“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, დღეს ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურად დატვირთულია. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰოსპიტალური სექტორის დამატებითი მობილიზება მიმდინარეობს და მათთვის და პაციენტებისთვისაც უფრო კომფორტული იქნება თუ საველე ჰოსპიტალი მინიმალურად დაიტვირთება.

„ადგილი თუ თავისუფლდება, ხდება მაშინვე ამ ადგილის შევსება. არის რამდენიმე სარეზერვო ადგილი, მაგრამ ძირითადად  პაციენტების მიღება ხდება ბრუნვის ხარჯზე. კლინიკების ნაწილი დღესაც ემზადება იმისთვის, რომ დამატებით საწოლის მობილიზება გააკეთოს, ეს პარალელური პროცესია. რთულია ერთი გამყოფი ხაზის გავლება და ვთქვათ, რომ დამთავრდა ჰოსპიტალური სექტორის რესურსი, ამოიწურა და სრულად გადავედით საველე ჰოსპიტალზე. გუშინ დაგვიდგა ის მომენტი, როდესაც სწრაფი რეაგირება იყო აუცილებელი და პაციენტების ბინაზე დატოვების ნაცვლად მნიშვნელოვანი იყო მათ დასჭირდათ სამედიცინო ყურადღება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჰოსპიტლების კარები დაიკეტა და იქ პაციენტები ვეღარ შევლენ. დღესაც მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის დამატებით მობილიზება და ჩვენთვისაც და პაციენტებისთვისაც უფრო კომფორტული იქნება თუ მინიმალურად დაიტვირთება საველე ჰოსპიტალი“, – განაცხადა გაბუნიამ.