სანომრე ნიშნების დამზადება სააგენტოს ყველა სერვის ცენტრში გახდა შესაძლებელი

მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული სანომრე ნიშნების საბეჭდი აპარატებით აღიჭურვა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სანომრე ნიშნების ადგილზე დამზადება მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულშია შესაძლებელი, რაც აქამდე მხოლოდ რუსთავის, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის სერვის ცენტრებში ხორციელდებოდა.

„იმ სტრუქტურულ ერთეულებში, რომლებშიც ამ დრომდე ადგილზე არ მზადდებოდა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სანომრე ნიშნები, დაინტერესებულ პირებს წინასწარი მოთხოვნის დაფიქსირების გარეშე შეუძლიათ განაახლონ დაზიანებული, აღადგინონ დაკარგული და დაამზადებინონ მათთვის სასურველი ახალი სახელმწიფო სანომრე ნიშანი.

მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით“,- აღნიშნავენ უწყებაში.