კომპანია “თეთრი ქუდის” ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბერიძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს, ზედამხედველობის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, სოკოს საწარმოში კომპოსტის წარმოების შეჩერების შესახებ, უკანონოდ მიიჩნევს.
სოკოს საწარმოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ბიოლოგიური მასა (ფეკალური მასა/ნაკელი) ფერმერულ საქმიანობაში სახიფათო ნარჩენად არ ითვლება. კომპანია “თეთრი ქუდი” კი სოკოს ფერმად მიიჩნევა, რადგანაც ის სოფლის მეურნეობის პროდუქტს აწარმოებს.
ამ დროისთვის ალექსანდრე ბერიძე, კომპანიის იურისტებთან ერთად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავების ეტაპზეა.
მისი განცხადებით, კომპანია “თეთრი ქუდი” გეზეშეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 13 აგვისტოს წარუდგენს. სწორედ ამ დოკუმენტის განხილვის შემდეგ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელებს საქმიანობას კომპანია “თეთრი ქუდი”.