ქვემო ქართლში კოვიდპაციენტებისთვის თავისუფალი საწოლები აღარ არის[ვიდეო]

ქვემო ქართლის რეგიონში საწოლფონდი სრულად დატვირთულია, – ამის შესახებ TV4-ს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის კოორდინატორმა, თეა ბაკაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, რეგიონში არსებული 550 საწოლიდან ყველა დაკავებულია. ქვემო ქართლში ჯამში ათი კოვიდკლინიკა ფუნქციონირებს.

საწოლფონდი დატვირთულია პედიატრიულ ნაწილშიც. კოვიდპაციენტებისთვის გამოყოფილი ადგილები დაკავებულია რუსთავის ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც პაციენტები მთელი საქართველოდან გადმოჰყავთ. დაწესებულებაში სულ 22 საწოლია მობილიზებული.

ამასთან, თეა ბაკაშვილის ცნობით, იმ კლინიკებს, რომლებიც ჯერჯერობით კოვიდცენტრებათ არ გადაკეთებულან, აქვთ ვალდებულება ვირუსის დადასტურების და სხვა კოვიდცენტრებში საწოლის არარსებობის შემთხვევაში, პაციენტებს უმკურნალონ. როგორც ბაკაშვილმა განმარტა,  ყველა ასეთ კლინიკაში კოვიდპაციენტებისთვის ორი საწოლი მაინც არის მობილიზებული.

მხარეში მრავალპროფილური 30-მდე კლინიკაა.