ISFED საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია კომისიის წევრთა შერჩევისას გამოვლენილ რამდენიმე საყურადღებო ტენდენციაზე საუბრობს.

კერძოდ, „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, დაფიქსირდა შემთხვევები, სადაც:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა 8-ს აღემატებოდა, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობა ხმას აძლევდა სიის მიხედვით პირველ 8 კანდიდატს;
  • საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები სახელისუფლებო პარტიასთან არიან აფილირებულები, მათი ამჟამინდელი ან უახლოეს წარსულში საქმიანობით;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის პოზიციაზე შერჩეულ პირს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს წინასწარ ჰქონდა მომზადებული იმ კანდიდატთა სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა;
  • საოლქო საარჩევნო კომისიაში კონკურსანტების განცხადებები ერთგვაროვნად, სავარაუდოდ ერთი პირის მიერ იყო შედგენილი;
  • უმრავლეს შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობას არ იღებდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცესში.

ISFED მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილის დაბალი კვორუმით არჩევა, კვლავ დღის წესრიგში ტოვებს საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრეს გამოწვევას, რაც ნდობის ნაკლებობას უკავშირდება. საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალ დონეზე  კონკურსანტები დაბალი კვორუმით აირჩნენ.