ლაცაბიძე ონიანზე: ვუსურვებ, რომ მომავალში მაინც, ქალაქის ინტერესებიდან გამოვიდეს[ვიდეო]

რუსთავის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ნინო ლაცაბიძე ვარაუდობს, რომ ლევან ონიანის გადაწყვეტილება რუსთავში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სიებს უკავშირდება.

როგორც ლაცაბიძე ამბობს, შესაძლოა, ონიანის მიერ პარტიის დატოვების მიზეზი, სწორედ ამ სიებში მისი არ ყოფნა გამხდარიყო.

“რამდენიმე დღეა წარვადგინე ის გუნდი, რომელ გუნდთან ერთადაც ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის და იმ შესაძლებლობების გამოსავლენად, რა პოტენციალიც და შესაძლებლობებიც ჩვენს ქალაქს აქვს. ამ გუნდში ბატონი ლევანი არ მოიაზრებოდა, მითუმეტეს, როგორც თავმჯდომარე. ალბათ, ეს იყო მისი გადაწყვეტილების მიზეზი და ეს გახდა მოტივი. ვუსურვებ წარმატებებს და ვუსურვებ, რომ მომავალში მაინც, ქალაქის ინტერესებიდან გამოვიდეს და ემსახუროს ქალაქის განვითარებას.

მან დატოვა პარტია და შესაბამისად, დატოვა ყველა პარტიული თანამდებობა, სამწუხაროა, რომ პირადი ინტერესები ქალაქის ინტერესებზე მაღლა დააყენა.” -განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა “ქართული ოცნება” დატოვა და სოსო გოგაშვილის პარტიას უერთდება.