საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში მერობის კანდიდატი წარადგინა. მთავრობის მეთაურმა წარდგენის ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა მოეწყოს ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, რეკრეაციული სივრცეები, განახლებული ბაღები, რეკრეაციული სივრცეები და ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2021 წლის არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატის ამოცანა უნდა იყოს მაქსიმალური კომუნიკაცია და მუშაობა ხალხთან.
„თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით. გუშინ, ოფიციალურად დავიწყეთ კამპანია რუსთავში. დღეს, ახლა, მარნეულში გვაქვს ამის თაობაზე შეხვედრები. ჩვენ შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატები. ჩვენი კანდიდატის ნომერ პირველი დავალება და ამოცანა უნდა იყოს მაქსიმალური ყურადღება და კომუნიკაცია ხალხთან, ხალხზე ზრუნვა და ხალხთან მუშაობა. ყველა პრობლემა უნდა გადავუწყვიტოთ ჩვენს მოსახლეობას. მეტი მუშაობაა საჭირო, მეტი კომუნიკაცია, ადგილზე გასვლა, სოფლებში, ყველგან, ყველა უბანში უნდა ჩავიდეს მერი და ადგილზე გადაუწყვიტოს ჩვენს მოსახლეობას პრობლემა. კვირაში ერთხელ შეიძლება დაწესდეს, თუნდაც, მოქალაქეების მიღების საათები, რომ არც ერთ მოქალაქეს არ დარჩეს განცდა, რომ მთავრობა და კონკრეტულად, ადგილობრივი ხელისუფლება არ აქცევს ყურადღებას. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. ცენტრალური მთავრობა ვაკეთებთ ყველაფერს და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ქენან ომაროვი იქნება.