სამტრედიაში ქმარმა ცოლი საუზმის მომზადებაზე უარის გამო მოკლა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც სამტრედიაში, გასული წლის დეკემბერში, ცოლი მოკლა.

პროკურატურის განცხადებით, კაცმა ცოლს საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით,  დანით ჭრილობა მიაყენა. დაზიანების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

“გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 23 დეკემბერს, სამტრედიაში მ.მ.-მ მეუღლეს ე.კ.-ს, საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის განზრახვით, დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ე.კ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1“ და „ვ“
ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.