საქართველოში გავრცელებული კორონავირუსის 80 პროცენტზე მეტი დელტა შტამია

საქართველოში გავრცელებული კორონავირუსის 80 პროცენტზე მეტი დელტა შტამია, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, დელტა შტამი თითქმის წამყვანი გახდა თბილისსა და ბათუმში.

„საქართველოს მასშტაბით, სადღაც 80 პროცენტზე მეტი უკვე დელტა შტამია“, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძემ კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილთა ყოველდღიური რიცხვი საქართველოში დიდია.

„გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის აცრების ტემპის კიდევ უფრო მომატება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის აცრა, იმიტომ რომ პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა. კი, ახლა კი ვართ პიკში და სამწუხაროდ, ეს პიკი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც. ვიანგარიშოთ, რომ 1000 ავად გამხდარი ადამიანიდან 15 შეიძლება დაიღუპოს (სამწუხაროდ ასეთია სტატისტიკა), აქედან გამომდინარე, პროგნოზები, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო იქნება“, – განაცხადა იმნაძემ.