ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება დღეიდან დაიწყება

“აიცერი და მოიგე” – აცრილებისთვის დღიდან,  13 სექტემბრიდან ყოველდღიური გათამაშება დაიწყება. შემთხვევითი შერჩევით ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს აცრილებისთვის.

ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად – 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, 31 დეკემბერს “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ადამიანებს 100 000 ლარის მოგება შეეძლებათ.

გათამაშება და შედეგები ყოველდღე, 12:00 საათზე გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge. გათამაშების შედეგების გამოქვეყნებისას საჭირო იქნება ისევ ის კოდი, რომელიც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და ვაქცინაციისას მოგენიჭათ.

1 000 ლარამდე მოგებულ თანხას ლატარიის ნებისმიერ სერვისის ცენტრში გაანაღდებთ. თუ 1000 ლარზე მეტი თანხაა გათამაშებული, ლატარიის კომპანია თანხას ანგარიშზე ჩაგირიცხავთ.

თუ თქვენ ერთხელ გაიმარჯვეთ ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში. იმ შემთხვევაში, თუ მოიგეთ ყოველკვირეულ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

„დღეიდან იწყება „აიცერი და მოიგე“ ლატარია. აღნიშნულ ლატარიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ერთჯერადად მაინც არის აცრილი. გათამაშება იქნება ყოველდღიური, ყოველკვირეული და შემაჯამებელი. ყოველდღიურ გათამაშებაში იქნება 100 და 500-ლარიანი პრიზები. რაც შეეხება ყოველკვირეულ გათამაშებას, გათამაშდება 1 000-დან 10 000 ლარამდე თანხა. შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება 2021 წლის 31 დეკემბერს და საპრიზო მოგება შეადგენს 100 000 ლარს. აღნიშნული ლატარიის საპრიზო ფონდი მთლიანად შეადგენს ორი მილიონ 800 ათას ლარს. ლატარიაში მონაწილეობას იღებენ როგორც 2021 წლის 13 სექტემბრამდე აცრილი მოქალაქეები, ასევე 2021 წლის 13 სექტემბრის შემდგომ აცრილი მოქალაქეებიც“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ლატარიის იურისტმა ქეთი ხუციშვილმა.