ჰარვარდის უნივერსიტეტი ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელებას იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით  საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან.

ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებას ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში დაიწყებს, ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის ნიუ იორკის კლუბში, 2021 წლის 22 სექტემბერს ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

„თავმდაბლურად ვამაყობ ქართველი ხალხის სახელით აქ ყოფნით და ამ ისტორიული აკადემიური პარტნიორობის დაწყებით. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამას ვნერგავთ. მადლობელი ვარ ჩვენი მეგობრების, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ამ ისტორიული მოვლენის ხორცშესხმაში მონაწილეობდნენ.

ეს პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, მეცნიერებაში შეტანილი წვლილის, ასევე მისი თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას. გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელება მომდევნო წლის თებერვლიდან დაიწყება. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს. ბატონი სტივენი, საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია. ის 40 წელზე მეტია, მოღვაწეობს ქართველოლოგიის დარგში. ამდენად, ის იდეალური კანდიდატია ამ რანგში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.