ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – 5 პირი დააკავეს

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავა – მათ შორის ნარკორეალიზატორი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია.

სამართალდამცველების მიერ, ქობულეთსა და ბათუმში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები: 1974 წელს დაბადებული თ.დ. 1993 წელს დაბადებული ბ.ა. 1989 წელს დაბადებული ვ.კ. ამავე წელს დაბადებული ო.პ და საქართველოს მოქალაქე – 1999 წელს დაბადებული ა.გ.

სამართალდამცველებმა ბ.ა. ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ახდენდა. ბ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მის მიერ ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული – 8000 ლარზე მეტი და 44 აბი „სუბოქსინი“.

პოლიციამ ბრალდებული თ.დ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 შეკვრად დაფასოებული, „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკი. დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.

რაც შეეხება წარსულში ნასამართლევ ა.გ.-ს, იგი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“-ს შემცველი ნივთიერება.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის, ასევე, ბათუმში დააკავეს ვ.კ. და ო.პ., რომელთა პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 247 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „ალფა-პვპ“.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.კ. და ო.პ ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.