დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაუშვა, რომ შესაძლებელია ერთ დღეს გრიპის და კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება.
გამყრელიძის ცნობით, საქართველოში გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის და საკითხზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდებიან.
როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანა გრიპის ვაქცინას უახლოეს პერიოდში მიიღებს, სამეცნიერო ჯგუფი კი მსჯელობს, რა ფორმით, კერძოდ, რა ინტერვალში მოხდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ადმინისტრირება.
“მოგეხსენებათ, დაიწყო ერთ-ერთი დიდი ამერიკული კომპანიის, “ნოვოვაქსის” დიდი კლინიკური კვლევის ბოლო ფაზა, რომელიც გრიპის ვაქცინის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია მსოფლიოში. მათ აქვთ ახალი კოვიდის ვაქცინა, სხვა პრინციპზე დამყარებული, მათ ერთ ინექციაში გააკეთეს გრიპის და კოვიდის ვაქცინა, ახლა მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, სავარაუდოდ, მომავალ გაზაფხულზე საბოლოო შედეგს დადებს.
სამეცნიერო ჯგუფს ეს საკითხი თავის გეგმაში აქვს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შიდა მსჯელობები გვაქვს, რომ რეკომენდაციები დაიდოს, რადგან ქვეყანა გრიპის ვაქცინის გარკვეულ პირველ დოზას მალე მიიღებს და ჩამოყალიბებული რომ ვიყოთ. ამ ეტაპზე, გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერში ვიზიარებთ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. მათ უკვე დადეს რეკომენდაცია, ალბათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია რამდენიმე დღეში დაიდება, შეჯერდება ეს ყველაფერი და ჩვენი ეროვნული რეკომენდაციაც იქნება”,- აღნიშნავს გამყრელიძე.