ომში გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. სოხუმის დაცემის დრესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის წარმომადგენლებმა, სოფელ რაჭისუბანში მდებარე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მემორიალთან ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დაბა კაზრეთის, სამების სახელობის ეკლესიის წინამძღოლმა მამა ლაზარე რეხვიაშვილმა გადაიხადა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულ მეომართა ოჯახებს ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 ლარის ოდენობით გაეწიათ.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ომში მონაწილეობას 281 მეომარი იღებდა, მათგან 10 გმირულად დაიღუპა, 13 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
შეგახსენებთ, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელი სამხედროს, ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. დაღუპული მეომრის ოჯახის გადაწყვეტილებით, ლევან მემანიშვილის ნეშტი, მის მშობლიურ ქალაქ ბოლნისში, სამხედრო პატივით წელს დაიკრაძალეს.