გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, თუმცა ჩვენზე ბევრია დამოკიდებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილურობის ტენდენცია გრძელდება.

მისივე თქმით, მიუხედავად ყველა მაჩვენებლისა სიფრთხილე და რეკომენდაციების დაცვაა საჭირო.

სტაბილიზაციის ტენდენცია გრძელდება, უმჯობესდება ეპიდსიტუაცია, ყველა მაჩვენებელი, მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი მიდის დამშვიდებისკენ. ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ შევინარჩუნებთ ამ სტაბილურ სვლას გაუმჯობესებისკენ. ეს ჩვენ თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დაწესებულია, ასევე უნდა ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ სკოლებში სწავლის აკადემიურ გარემოში დაწყებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სწავლა საკლასო ოთახებში აუცილებლად უნდა დაიწყოს.

„ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს საკლასო ოთახებში. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ ყველამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს, რომ სწავლა აღდგეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველაზე დაბალი აცრის მაჩვენებელი არის სტუდენტებში. შესაბამისად, ამირან გამყრელიძემ სტუდენტებს ვაქცინაციისთვის აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ყველაზე დაბალი აცრის მაჩვენებელი გვაქვს სტუდენტებში. 138 000-მდე სტუდენტია საქართველოში, აქედან ორჯერადად აცრილთა საშუალო მაჩვენებელი არის 17 პროცენტი, რაც დაბალია. მოვუწოდებ სტუდენტებს, თუ გვინდა, რომ დასწრებული სწავლება იყოს, იაქტიურონ და მივცეთ მაგალითი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილებები ნახეთ ვრცლად ვიდეოში: