გაფუჭებული 49 220 კგ კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს

“სარფის” საბაჟო გამშვებ პუნქტში, 49 220 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეამოწმეს. ბოსტნეულიდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში, დიდი რაოდენობით საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გაფუჭებული კარტოფილი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს.

“საქონლის სიჯანსაღის კონტროლი, რომელიც ითვალისწინებს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული პარამეტრებით რეგულირებადი ობიექტების ინსპექტირებას, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება”, – წერს შემოსავლების სამსახური.