დმანისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილს, დავით დაუთაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ მის ხელთ არსებული დანით მოხდა ამ ორი პიროვნების დაჭრა, მაგრამ არავითარ შუაში არ არის პოლიტიკური მოტივი. მხოლოდ ერთი რამე ამოძრავებდა მას, რომ დახმარებოდა მამას, რომლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალურად ემუქრებოდა საფრთხე. ასევე დასადგენია როგორი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა”, – აღნიშნა ადვოკატმა
ცნობისთვის, დმანისში „ნაციონალური მოძრაობის“ 2 მხარდამჭერის დაჭრის ფაქტზე დაუთაშვილს ბრალდება 23 სექტემბერს წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ განთიადში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დავით დაუთაშვილმა დანის გამოყენებით, პოლიტიკური მოტივით, ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.