აჭარისა და იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა, მათ შორის ნარკორეალიზატორი – ამოღებულია დიდი ოდენობით „კოკაინი“ და 147 აბი „სუბოქსინი“. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ახდენდა ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული – 5000 ლარი. სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს დაკავებულის მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“.
ბრალდებული მ. ი. კი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი „სუბოქსინის“ 147 აბი და ფული ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.