პრეზიდენტი: განცხადებული უარი ევრკავშირის სესხის მიღებაზე, გაუგებარი ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სესხზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია, რა განაპირობებს, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად, საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული.

„დღეს ორი სექტემბერია, ზუსტად ერთი თვე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული გზისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია და იქნება. უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები სიძულვილის ენის, ძალადობის, შეურაცხყოფის გარეშე დემოკრატიულ, კონკურენტულ და სამართლიან გარემოში. ამას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და ამას დააკვირდებიან ჩვენი პარტნიორები. აქამდე მოვედით და გადავლახეთ უამრავი ეკონომიკური თუ პოლიტიკური სირთულე. რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა, ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის, თუ შიდა დაპირისპირების გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება. ისიც გვესმის, რომ რაიმე სახით ან რაიმე მიზეზით ევროპული თანადგომისა და მისი ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ გამოიწვიონ ქვეყნის დესტაბილიზაცია თუ დასუსტება.

სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე, მოსახლეობის დიდი ნაწილისა და პირადად ჩემთვის, საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა ანალიზს ვერ უძლებს. რაც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორ ციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონიან ევროიანი, ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის სესხი. გაუგებარია, რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია. ცოტა არ იყოს, პარადოქსულადაც ჟღერს, ერთი მხრივ ევროპულ სესხზე თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება მაშინ, როდესაც იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება. ეკონომიკური შედეგები ამ ნაბიჯის, ამ სესხის აღება არ აღებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. .