შრომის ინსპექცია დღეს რუსთავის სამშობიარო სახლში შევიდა, სადაც ანაზღაურებასთან მიმართებაში დარღვევები იყო გამოვლენილი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„დღეს ისინი შევიდნენ რუსთავის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში, სადაც ასევე იყო გამოვლენილი დარღვევები ანაზღაურებასთან მიმართებაში. ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს სრული სურათი, თუმცა დარღვევები ნამდვილად არის სახეზე და მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექცია გააკეთებს შეჯერებულ დასკვნას კლინიკებთან სრული კომუნიკაციის შემდეგ, ჩვენ ამას გავასაჯაროვებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, რუსთავი სამშობიარო სახლში მედპერსონალი რამდენიმე თვეა ანაზღაურების გარეშე მუშაობს. 23 სექტემბერს საქართველოს პროფკავშირებმა სამედიცინო დაწესებულებასთან აქცია გამართეს და შრომის ინსპექციას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.









