ბუაძე: “ქართული ოცნება” ხვდება, რომ რუსთავი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხელისუფლებას

“ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსთავში მერიის სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 600-ზე მეტი შტატით, ეს ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს თავისი პარტიული რესურსის სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში მობილიზაციას იმისათვის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით,  შეეცადოს საარჩევნო შედეგზე ზეგავლენას”- ამის შესახებ  პარტიის “ლელო საქართველოსთვის”  ლიდერებმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ბრიფინგზე “ლელოს” წევრმა, საბა ბუაძემ და  “ლელოდან” გაერთიანებული ოპოზიციის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო იმედაშილმა გააკეთეს განცხადებები.

მათი თქმით, რუსთავი არის ადგილი, სადაც მმართველ გუნდს ყველაზე მეტად უჭირს.

“გვინდა ვისაუბროთ რუსთავში არსებულ სიტუაციაზე, იქ გაზრდილ ბიუროკრატიაზე, რომელიც ემსახურება “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ინტერესს და რომელიც წარმოადგენს ამ პარტიის მთავარ საარჩევნო რესურსს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსთავში, დასაქმებულთა რაოდენობა, მერიის სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 600-ზე მეტი შტატით, ეს ნიშნავს იმას, რომ”ქართული ოცნება” აგრძელებს თავისი პარტიული რესურსის სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში მობილიზაციას, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შემდეგ,  შეეცადოს საარჩევნო შედეგზე ზეგავლენას.

ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომელსაც “ქართული ოცნება” იყენებს და რუსთავი არის ამის მკაფიო მაგალითი. იმიტომ, რომ რუსთავში ამ შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობა არის მკვეთრად გაზრდილი იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” ხვდება, რომ რუსთავი არის ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხელისუფლებას და სადაც მათი პირველ ტურში დამარცხება არის გარდაუვალი, სადაც ისინი უკვე დიდი ხანია არიან არათუ 43%-ზე ქვემოთ, არამედ 35%-ს ქვემოთ და იქვე დარჩებიან. სწორედ  ამისთვის ისინი ცდილობენ, გაბერონ შტატები, მოახერხონ აქტივის მობილიზაცია, იმისთვის, რომ შეეცადონ შედეგის შეცვლას.” – განაცხადა საბა ბუაძემ.