ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, – ამის შესახებ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება სამი მუხლით არის დაწყებული.
„გიდასტურებთ, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს, გაანეიტრალეს და დააკავეს პირი, რომელიც იყო ბანკში და რომელსაც ყავდა მძევლები აყვანილი. ყველა მძევალი არის თავისუფალი, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება მიმდინარეობს“, – აღნიშნა ქეთევან კოვზიაშვილმა.
ტერიტორიაზე კვლავ იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკის ფილიალში 16:00 საათისთვის შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნიღბიან თავდამსხმელს ხელში ხელყუმბარა ეჭირა და მისი აფეთქებით იმუქრებოდა. ბანკში მყოფი პირების ნაწილმა შენობის დატოვება მოასწრო, ნაწილი კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენობაში რჩებოდა. მოგვიანებით შსს-მ დაადასტურა, რომ ყველა მძევალი თავისუფალი იყო და არც ერთი პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი გარკვეული რაოდენობის თანხას ითხოვდა.