სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვადაგასული პროდუქტი აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. ყარაჯალაში დიდი ოდენობით ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და არაეტიკეტირებული 36 სახეობის პროდუქტი (ტკბილეული, ჩაი, ყავა, თაფლი, სუნელები) გამოავლინეს.
მიკვლევადობით დადგინდა, რომ შპს ,,ალიბაბას“ (ს/კ 448400169) საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტი პროდუქციის რეალიზაციას ახდენდა ქ. თბილისში, თვალჭრელიძის N2-ში („ისთ ფოინტთან”) მდებარე საცალო სასურსათო მაღაზიაში „ალიბაბა“, რომელშიც თბილისის საქალაქო სამსახურმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და ასევე ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და ეტიკეტირების წესის დარღვევით პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები -ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ვადაგასული სურსათი დაილუქა და ბიზნესოპერატორს დაევალა მისი ამოღება/განადგურება. დამატებითი მოკვლევის მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა.