21 სექტემბერს „საყდრისის კომიტეტმა“ რეაბილიტირებული „აბულმუგის“ სპარსული აბანო წარადგინა. „აბულმუგის“ აბანო 1977 წელს არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა, როდესაც ისტორიული დაბა აბულმუგის ტერიტორიაზე სახელმწიფო მუზეუმის არახლო-კაზრეთის ექსპედიცია მუშაობდა.
პირველი გამაგრებითი საკონსერვაციო სამუშაოები ძეგლზე გასული საუკუნის 1970- იან წლებში ჩატარდა, თუმცა 2018 წლისთვის აბანოს მდგომარეობა საგანგაშო იყო. “საყდრისის კომიტეტის” ჩართულობით, ძეგლს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა. 2020 წელს აბანოზე დაიწყო არქეოლოგიური – გაწმენდითი სამუშაოები.
მიუხედავად ძეგლზე ჩატარებული ღონისძიებებისა, გეოლოგიური დასკვნიდან ცხადი გახდა, რომ ძეგლს საფრთხეს ის გეოლოგიური პროცესებიც უქმნიდა, რომელიც ტერიტორიაზე მიწის ქანებში მიმდინარეობს.
2021 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის უმძიმესი მდგომარეობის გამო დასაშვებად მიიჩნია, მისი გადარჩენის მიზნით, ძეგლის უსაფრთხო ადგილზე გადაეტანათ.
2021 წლის 18-19 აგვისტოს 134 ტონიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – „აბულმუგის“ აბანოს გადატანა წარმატებით დასრულდა. შერჩეული ადგილმდებარეობა და მისი ლანდშაფტი სრულად მორგებულია ძეგლზე, შესაბამისად, ახალ გარემოში არ დარღვეულა ძეგლის შინაარსი და ხასიათი.
ამჟამად ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები და უახლოეს მომავალში ეს ადგილი ვიზიტორებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.