2 ოქტომბერს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდება. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგება, ესენი არიან:
მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) – დელეგაციის თავმჯდომარე
მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი)
მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი)
კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი)
მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი)
ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი)
ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი)
„ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვლენ 29–30 სექტემბერს და, ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიებისა, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.
რაც შეეხება არჩევნების დღეს, ეფექტიანი სადამკვირვებლო პროცესის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვერ დავასახელებთ იმ საარჩევნო უბნებს/ადგილებს, სადაც დამკვირვებლები მივლენ. მნიშვნელოვანი შენიშვნა: ევროპარლამენტის წევრების სხვა ვიზიტებისგან განსხვავებით, სადამკვირვებლო მისიაში მონაწილე ევროპარლამენტარებმა თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური გარემოს თუ საარჩევნო პროცესის შეფასებისგან ერთობლივ პრესკონფერენციამდე, რომელიც ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოსთან ერთად გაიმართება საარჩევნო დღის დასრულების შემდეგ, მალევე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.