ქვემო ქართლში 10 კოვიდკლინიკაში დარღვევები გამოვლინდა

ქვემო ქართლში, 10 კოვიდკლინიკაში დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის ოთხი დაწესებულება რუსთავში მდებარეობს.

ინსპექტირება, ქვეყნის მასშტაბით, 111 კოვიდკლინიკაში ჩატარდა და უმეტესობაში დარღვევებია დაფიქსირებული.

ბექა ფერაძის განცხადებით, დარღვევები სამედიცინო პერსონალზე თანხის არათანაბარი გადანაწილებისა და შვებულება/ბიულეტენის აუნაზღაურებლობის მიმართულებით გამოვლინდა.

იმ შემთხვევაში თუ კლინიკა გაფრთხილების შემდეგ დარღვევებს არ გამოასწორებს, დაჯარიმდება ან მუშაობის უფლება შეეზღუდება. კოვიდკლინიკებს კონკრეტულ ვალდებში, დასაქმებულებისთვის დანაკლისის ანაზღაურება დაევალება.

„მოკვლევა შეიძლება დასრულდეს გაფრთხილებით ან დაჯარიმებით, ასევე მითითებით, რომ კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში ყველა ის დანაკლისი, რომელიც დასაქმებულების მიმართ არსებობდა, ანაზღაურდეს. ჩვენ არ ვახორციელებთ სადამსჯელო ღონისძიებას, გვინდა იმ ბენეფიტებით, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დასაქმებულებს აქვთ, რეალურად ისარგებლონ. შედეგის თვალსაზრისით არაფერი შეიცვლება, დავაჯარიმებთ თუ გავაფრთხილებთ კლინიკას, მას აუცილებლად მივცემთ მითითებას, რომ კონკრეტულ ვადაში დასაქმებულებს დანაკლისი აუნაზღაურონ. ეს არის შედეგი, რომელიც გვინდა მიღწეულ იქნას”,- განაცხადა ფერაძემ.

სამსახური კოვიდკლინიკების შემოწმების შედეგებს, სავარაუდოდ, ოქტომბრის თვეში გამოაქვეყნებს.