სარჯველაძე დმანისის ინციდენტზე: ძალადობას არც ერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება

ძალადობას არც ერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება, აუცილებელია კონკრეტული სამართლებრივი რეაგირება, სამართლებრივი შედეგები დადგეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა მიხეილ სარჯველაძემ დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მმართველი გუნდის წევრი არ გამორიცხავს, რომ დმანისში არსებული ვითარებიდან გამომდინარე,  ასეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, შესაძლოა, ვინმეს მოუწიოს.

“რამდენადაც მოვისმინე, გაკეთდა განცხადება, რომ პიროვნება გამოცხადდა თვითონ პოლიციის განყოფილებაში, გაგრძელდება ალბათ, საგამოძიებო მოქმედებები და გვეცოდინება მეტი ამ შემთხვევაზე. ძალადობას არც ერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება, აუცილებელია კონკრეტული სამართლებრივი რეაგირება, სამართლებრივი შედეგები დადგეს.

სიმართლე გითხრათ, თავისთავად, ეს ფაქტი ნამდვილად არასასიამოვნოა, არავისთვის კარგი არ არის და ამას ყველა გრძნობს და განიცდის. ამ პირობებში, მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია, ნამდვილად არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს და საკმარის მიზეზს იმისთვის, რომ ვინმემ უნდა მოხსნას კანდიდატურა. თუმცა, ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ იქ ვითარება შეიძლება ისეთი იყოს, სადაც შეიძლება ასეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ვინმეს მოუწიოს, თუმცა, ამ წუთას ასეთ მოცემულობას, ნამდვილად ვერ ვხედავ. თვითონ კანდიდატმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, თუ უნდა მიიღოს და მეორე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი, მე ვთქვი, რომ ასეთი საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. ეს ჰიპოთეტურად არ გამოირიცხება, ეს არ გამოირიცხებოდა არც გუშინ და არ გამოირიცხება არც დღეს ფაქტების იმ მოცემულობის პირობებში, რომელიც მე მაქვს და ინფორმაციის ამ პირობებში. როგორი იქნება გადაწყვეტილება მომავალში, ამის თაობაზე მოლოდინებს ნუ შექმნის ჩემი ნურც ერთი განმარტება”, – განაცხადა სარჯველაძემ.