“ტელემედიცინა სოფლის ამბულატორიებში” – ქვემო მუხროვანში ამბულატორია გაიხსნა

ევროკავშირის, გაეროს ოთხი ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მუხროვანში ამბულატორია გაიხსნა. პროექტი “ტელემედიცინა სოფლის ამბულატორიებში” ციფრული ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების განვითარებას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში, ტელემედიცის აღჭურვილობა უკვე სოფლის 50 სამედიცინო დაწესებულებაში განთავსდა, მათ შორის ერთ-ერთია სოფელ ქვემო მუხროვანის ამბულატორიაა.

აბულატორია დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა სილვიუ დომენტემ და გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორმა საბინ მაქლიმ დაათვალიერეს.

მინისტრმა პარტნიორ ორგანიზაციებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ COVID-19-ის შემთხვევების უსაფრთხოდ მართვის თვალსაზრისით, ტელემედიცინისა და დისტანციური სამედიცინო სერვისების გამოყენება მნიშვნელოვანია.

„ტელემედიცინის სისტემების დანერგვა რეგიონების ამბულატორიებში პირველადი ჯანდაცვის სისტემას მკვეთრად გააუბჯობესებს, რაც დადებითად აისახება სოფლის მოსახლეობასა და ექიმებზე, მნიშვნელოვნად გაიზრდება სოფლის ექიმების შესაძლებლობები, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან დიაგნოსტიკის უახლესი ტექნოლოგიებით“, -აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

„პირველადი ჯანდაცვის დონეზე COVID-19-ზე დაუყოვნებელი რეაგირების გარდა, პროექტი მყარ და მდგრად საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის განვითარებას, ხელს შეუწყობს რა შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზისა და კლინიკური გაიდლაინების ჩამოყალიბებას, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო კურსების უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მუშაკებისა და მოსახლეობის მიერ ტელემედიცინის სერვისების გამოყენებას,“ – განაცხადა საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ.

პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მიზნად ისახავს COVID -19 პანდემიისა და შემდგომ პერიოდში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვასა და ხელშეწყობას, ჯანდაცვის ძირითად სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას და ჯანდაცვის სისტემაზე მზარდი ტვირთის შემცირებას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გზით.

ევროკავშირის და გაეროს აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში,  სოფლად 200 დაწესებულება ძირითადი აპარატურით აღიჭურვება, დამატებით კი 50 დაწესებულება უკვე აღიჭურვა ტელემედიცინის აპარატურით.

პროექტი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველსაყოფად, გადამზადების დისტანციურ კურსებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობასაც მისცემს.

პროექტის ბიუჯეტი 4,7 მილიონი ევროა და ევროკავშირის (EU), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) მხარდაჭერით ხორციელდება.